вторник, 17 сентября 2013 г.

კონფისკაცია (გაგრძელება)

   1937 წლის სექტემბრის თვე იქნებოდა, როდესაც ჩვენს სახლში, უკვე მეორედ, შინსახკომის მუშაკები გამოცხადნენ. ორმა ახალგაზრდამ - ქალმა და მამაკაცმა - ყველა ოთახი კარგად დაათვალიერეს, შეამოწმეს ავეჯი, ბუფეტში არსებული ჭურჭელი და წავიდნენ. დედაჩემმა ვერა, მაგრამ ჩემმა დამ, ნანამ ერთ-ერთი მამაკაცი იცნო, ეს ის შინსახკომის მუშაკი აღმოჩნდა, რომელიც მამაჩვენის დაპატიმრებაში მონაწილეობდა.

ერთი კვირს შემდეგ დედაჩემი დააპატიმრეს, ხოლო მეორე კვირას, შუაღამისასთანამშრომლები ისევ გვესტუმრნენ და ოთხი ბავშვიდან სამნი, რომლებიც იმ დროს სახლში ვიმყოფეოდით,  საწოლიდან აგვყარეს, მეორე სართულიდან უკანა კიბით  ეზოში ჩაგვიყვანეს და იქ დაგვტოვეს, კარები დაჭედეს, ლუქი დაადეს და სადარბაზოს გამოსასვლელიდან წავიდნენ. ეზოში გამოყრილი ბავშვების შეფარება შინსახკომელების წასვლამდე მეზობლებიდან ვერავინ გაბედა, ხოლო შემდეგ შეცივებული, მტირალი ბავშვები პირველ სართულზე მცხოვრებმა მეზობელმა, ალი და შირონ ბადოევების მამამ - ლატიფ ბადოევმა და მისმა ოჯახმა შეგვიფარა.  

დედაჩვენი ათი დღის შემდეგ გაანთავისუფლეს. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ დალუქული ბინა იმ ახალგაზრდა ცოლ-ქმარისთვის გადაეცათ, რომელთაგან ქმარი შინსახკომის უფროსის მძღოლი - გოგი თოდაძე,  ხოლო ცოლი - კომკავშირელი მუშაკიფატუშა დუმბაძე იყო.

ბინის ახალ მეპატრონეებს  დედაჩემმა რამდენჯერმე მიაკითხა ბავშვების (ანუ, ჩვენიტანსაცმელების გამოსართმევად, მაგრამ ასეთი პასუხით გამოისტუმრეს - „ავეჯი ჩვენიაჩვენ გადმოგვცეს, ხოლო ტანსაცმელი მაღაზიაში წაიღეს გასაყიდად“.  

ლიტერატურული საქართველოს“ 1995 წლის 17-24თებერვლის ნომერში გამოქვეყნებულ მიტროფანე კუჭავას ნარკვევში - „ისევ ბერია მკვლელობის შესახებ“- ში ვკითხულობთ: „შინაგან საქმეთა სამინისტროსთან  გახსნილი იყო მაღაზია  დაპატიმრების დროსხალხის მტრების“  ოჯახებიდან ამოღებული ნივთების სარეალიზაციოდ. ამ მაღაზიაში ორგანოს მუშაკები ჩალის ფასად იძენდნენ  უკანონოდ ჩამორთმეულ ნივთებს. იყო ისეთი შემთხვევები, როდესაც მინისტრის მოადგილეებსა და სხვა მუშაკების ცოლებს  ჩხუბი მოსდიოდათ ძვირფასი ნივთების შეძენის დროს.“

აჭარაში  კონფისკაციაში მოხვედრილი ბინებისა და ქონებისგანაწილებაუფრო მოწესრიგებული და გაიოლებული იყო. განაწილება-მითვისება ხდებოდა რიგის მიხედვით, ჯერ უფროსი რანგის მოხელეები აირჩევდნენ, მერე დანარჩენები მიყვებოდნენ, ხოლო მორჩენილინადავლი“  სპეციალურ მაღაზიაში იყიდებოდა.

გაზეთ  „ლიტერატურულ საქართველოშიმამია ხარაზი იხსენებს: „ჩვენი სახლის ქვემოთ, პირველ სართულზე უცნაური მაღაზია იყო გახსნილი, სადაც თითქმის ყველაფერი ერთად იყიდებოდა. ჩვენ ბავშვებს ინტერესს იქ გამოწყობილი სათამაშოები, ბავშვთა ველოსიპედები და სხვა სათამაშოები იწვევდა. მაგრამ რატომღაც მშობლების მიერ იქ შესვლა სასტიკად გვქონდა აკრძალული. მაღაზიას არავინ ეკარებოდა და გარკვეული პერიოდის შემდეგ დაიხურა კიდეც.“ 

მემედ გვარიშვილის უსახლკაროდ დარჩენილი ოთხი მცირეწლოვანი ბავშვი, მეუღლე და მოხუცი დედა ქუჩაში ბედის ანაბარად, ყოველგვარი არსებობის წყაროს გარეშე დარჩნენ. უფროსი შვილი - ასლანი 1939 წელს, ოცი წლისა მუცლის კოლიტით გარდაიცვალა, მანამდე კი, როგორც ტროცკისტისა და მავნებლის შვილი, თბილისის სამედიცინო ინსტიტუტიდან  და კომკავშირიდან ერთდროულად გარიცხეს.

                                                ასლან გვარიშვილი


                                                                                    შუაში - მე და ჩემი და


მამაჩემი 1957 წელს, სიკვდილის შემდეგ იქნა რეაბილიტირებული. ცნობაში, რომელიც რეაბილიტაციის შესახებ მივიღეთ ეწერა: „საბჭოთა კავშირის უზენაესი სასამართლოს 1957 წლის 3 დეკმებრის #4-011997 განჩინების საქმე მოქ. მემედ ოსმანის ძე გვარიშვილის მიმართ, დაბ. 1894. ქობულეთის რაიონის სოფ. ხალაში, რომელიც 1937 2 ოქტომბერს გასამართლებული იქნა სსრკ უზეანესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის მიერ სისიხლის სამართლის კოდექსის 58-1(სამშობლოს ღალატი) 58-2(შეიარაღებული აჯანყება) და 58-11 (ყოველგვარი ორგანიზებული ქმედება, მიმართული დანაშაულის მომზადებისა და ჩატარებისათვის) მუხლების საფუძველზე მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. წარმოება შეწყდა მის ქმედებაში დანაშაულის შემადგენლობის არარსებობის გამო. ამჟამად იგი რეაბილიტირებულია.“ 

1957 წლის რეაბილიტაცია წართმეული ქონების აღდგენასაც ითვალისწინებდა. ძველი იარების გახსენება და ტანჯვის მეორე ეტაპი დაიწყო. 20 წლის განმავლობაში სხვის ქონებას უკვე თავისიანად შეჩვეულნი, წამოზრდილ შვილებს ვერ უმხელდნენ და თავს იმართლებდნენ და ქონებას ბოდიშის მოხდით აბრუნებდნენ. ზოგმა კი დაბრუნებაზე უარი განაცხადა. ერთ-ერთი მათგანი ცეკას იმ დრონდელი მდივანი ფატუშა დუმბაძე იყო, რომელმაც ქონების დაბრუნებაზე კატეგორიული უარი განაცხადა. აჭარის მაშინდელმა ხელმძღვანელობამ კი ვერ შეჰბედა მასთან ამ თემაზე საუბარი

ქონების დაბრუნებაზე ერთი შემთხვევა მახსენდება: მამაჩემის ძმის, მილიციის გენერალ-მაიორის - ალი გვარიშვილის ოჯახს ანალოგიური ბედი ეწია.  ბიცოლაჩემმა 8 წელი ციმბირის კოლონიაში მოიხადა, ორი ბიჭი - ზურაბი და როსტომი  დეიდებმა გაზარდეს. მათი ოჯახის ქონებას თბილისიდან მოვლინებული მილიციის მუშაკი გვარად რობაქიძე დაესაკუთრა. რეაბილიტირებულმა ბიცოლაჩემმა ქონების დასაბრუნებლად თბილისში ჩააკითხა. ერთ დროს რიხიანი პოლკოვნიკი, ამჯერად კი ოთხად მოკეცილი თადარიგის გენერალი ბიცოლაჩემს ემუდარებოდა, პიანინო ქალიშვილს მზითვად გავატანე და სიძემ რომ გაიგოს, თავი მომეჭრებაო.

ბიცოლაჩემმა თავისი გაიტანა. გენერალს თავი მოეჭრა თუ არა, ამით აღარ დავინტერესებულვარ.

1 комментарий:

  1. ჟრუანტელმა დამიარა :( :( რა ფასად დაუჯდათ კომუნიზმის აშენება ჩვენს წინაპრებს..

    ОтветитьУдалить