воскресенье, 1 сентября 2013 г.

დაპატიმრება და კონფისკაცია
 

    


      1937 წლის 14 ივლისს, შუაღამისას, ინტერნაციონალის ქუჩაზე მთელ ოჯახს არ გვეძინა, რადგანაც ბეშუმში წასასვლელად ვემზადებოდით. მაშინდელ ბეშუმში მხოლოდ პიონერთა ბანაკი, ბავშვთა სახლი და რამდენიმე ოჯახი ზაფხულობდა. გოდერძის უღელტეხილამდე, ანუ „პერევალამდე“  (ასე ეძახდნენ ამ ადგილს) მანქანა გამოდგებოდა, ხოლო შემდეგ გზა ურემით უნდა გაგვეგრძელებინა. გზა ბევრ დროს მოითხოვდა და ამიტომ გასვლა შუაღამისას იყო დროული. კარებზე კაკუნის ხმა გაისმა. „მანქანააო“ - შევძახეთ სიხარულით, ოთახში კი ჩეკისტები შემოცვივდნენ, მამაჩემს ეცნენ, ჯიბეები გაუჩხრიკეს, ჩვენ ყველანი გაგვაფრთხილეს, რომ ხმა არ ამოგვეღო. მამაჩემს სტაცეს ხელი და წაიყვანეს, მხოლოდ ჩემმა უფროსმა დამ, ნანამ მოასწრო მისთვის ზეწარი, გადასაფარებელი და პატარა მუთაქა გაეტანებინა.

საზაფხულო ტანსაცმელში ჩაცმული წაიყვანეს და მას შემდეგ აღარ გვინახავს.

ჩეკას მუშაკები ოთხნი თუ ხუთნი იყვნენ. მათში მხოლოდ ერთს ეცვა ფორმა, დაიწყეს სახლის ჩხრეკა. სასოწარკვეთილებაში ჩავარდნილი დედაჩემი გაოგნებული იჯდა ბავშვების წრეში. ისე იქცეოდნენ, თითქოს რაღაცას ეძებდნენო და მართლაც მოეძებნათ - ჩხრეკის შემდეგ მამაჩემის მოოქროვილი პორტსიგარი და მუნდშტუკი, ფული და კიდევ ბევრი რამ  დაიკარგა,  ხოლო მამაჩემის ცეცხლსასროლი იარაღების კოლექცია უკითხავად და უაქტოდ იქვე გაიყვეს. წაიღეს მამაჩემის ყველა სურათი, სხვებთან ერთად გადაღებული.


როგორც ჩანს,  ხალხის მასიური დაპატიმრებისას ჩეკაში მუშაკები არ ჰყოფნიდათ  და დასახმარებლად არაოპერატიული სამსახურის მოხელეებიც ჩართეს. მამაჩემის დაპატიმრების ოპერაციაში ორი „დამხმარე“ მუშაკი მონაწილეობდა, ერთი ჩეკას ბუღალტერი - არამ პეტროსიანი, მეორე შინსახკომის შეფის ჯინჯოლიას მძღოლი - გოგი თოდაძე. 

1937 წელს არ დარჩენილა ოჯახი, სიმწარე და უბედურება რომ არ ენახა. მასიურ დაპატიმრებებს უპირველესად ადამიანის ფიზიკურად მოსპობის მიზანი ჰქონდა. ამ “დაკანონებული“ უკანონობით არაკაცებმა, დამსმენებმა, ამბის მიმტანებმა, ჩეკას მოხელეებმა და ჯალათებმა ისარგებლეს. პირველ რიგში  პირადი წყენისა და გამორჩენის მიზნით დაიწყეს მიწის თუ სახლის, ავეჯის თუ ჭურჭლეულის მისათვისებლად ოჯახის პატრონის დაპატიმრება. 

საბჭოთა ენციკლოპედიურ ლექსიკონში სიტყვა  “კონფისკაცია” შემდეგნაირად არის განმარტებული: „მოქალაქის პირადი ქონების მთლიანი, ან ნაწილობრივი ჩამორთმევა უსასყიდლოდ სახელმწიფოს საკუთრებათ. საბჭოთა სისხლის სამართლის კოდექსში ეს ზომა  ერთ-ერთ დამატებით სასჯელად ითვლება“.

ურიგო არ იქნება თუ გავიხსენებთ ფაშიზმის გენოციდის მამათავარს, ალფრედ როზენბერგს. იგი 1941 წელს თავის საიდუმლო საინსტრუქციო წერილებში აღნიშნავდა, რომ, პირველ რიგში, საჭირო იყო მდიდარი და ქონების პატრონი ებრაელები მოესპოთ. როგორც ჩანს, გერმანელმა ფაშისტებმა ქონების წართმევის იდეა ბოლშევიკებიდან  ისესხეს. საგულისხმოა ისიც, რომ ჰიტლერმა თავისი მოწინაღმდეგეები 1933 წელს სახელდახელოდ შექმნილ ბანაკებში გამოამწყვდია, მაშინ, როცა მსგავსი ტიპის ბანაკები უკვე 1918-19 წლებში ლენინმა შექმნა და მას პირობითად „შრომითი ბანაკები“ უწოდა. 1930 წლის 7 აპრილს სპეციალური დადგენილებით ეს ბანაკები „გულაგს“ (ბანაკების მთავარი სამმართველო) გადაეცა. საბჭოთა და ფაშისტური ბანაკების შესასვლელებს თითქმის მსგავსი წარწერები ამშვენებდა - „დაღსტროის“ კოლიმის ყველა ბანაკის შესასვლელში ეწერა: „შრომა ღირსების, თავდადებისა და გმირობის საქმეა“ ხოლო ოსვენციმის ბანაკის ალაყაფის კარებს - „შრომა თავისუფლების საწინდარია“ ამშვენებდა.

პატიმრობის ძირითად ადგილს უფრო მეტად ბანაკები წარმოადგენდნენ, ვიდრე ციხეები, ასეთი ტიპის ბანაკები გაშენდა საბჭოთა კავშირის ჩრდილო-დასავლეთით, ჩრდილო-აღმოსავლეთით, ყაზახეთში, ციმბირში,  შორეულ აღმოსავლეთში. კარელიაში, კოლიმაზე, ნორილსკში და სხვაგან.

საგულისხმოა, რომ სტალინს მცირედ მოეჩვენა „ხალხის მტრების“ „დივერსანტების,“ „მავნებლების“ საერთო რაოდენობა და 1940 წლის ივნისში მიღებულ იქნა კანონი სამსახურში დაგვიანებისა და გაცდენისათვის სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის შესახებ.  ათასობით ქალმა თუ კაცმა, მოხუცმა თუ ახალგაზრდამ შეავსო ემ „მცირედი.“ ბევრი მათგანი ომის წლებშიაც ამ ბანაკებში ამყოფეს. ჯერ კიდევ 1932 წლის 7 აგვისტოს, სტალინმა პირადად მოაწერა ხელი დადგენილებას, სადაც პურის მოსავლის შემონახვისათვის, ან საკოლმეურნეო მიწებზე მოსავლის აღების შედეგად დარჩენილი პურის თავთავის აკრეფისათვის გლეხი სიკვდილით ისჯებოდა. ამასთან, რაოდენობა არ იყო ნაჩვენები, რაც ხელს უწყობდა დამსჯელ ორგანოებს, რათა  გლეხი სულ მცირედისათვისაც კი მიეცათ პასუხისგებაში. ამ დადგენილების მიღებიდან უკვე ექვსი თვის შემდეგ 5 000 ადამიანი დახვრიტეს. მარტო ხარკოვში ერთი თვის განმავლობაში 1,500 ადამიანი დაიხვრიტა.

ჩვენ, უპატრონოდ დარჩენილი და-ძმები თავს ჩაქვში ბიძაჩემის სახლს ვაფარებდით. ახლაც თვალწინ მიდგას სახლიდან მოშორებით არსებული ქალთა კოლონია, 16 წლიდან 60-ს გადაცილებული გოგონები და ქალები, საღამოს ჩაის პლანტაციებიდან დაბრუნებულები, ზურგზე კალათებმოკიდებულნი, აჩრდილებად გადაქცეულნი, ლასლასით რომ დადიოდნენ. მათ „გაქცევის“ თავიდან ასაცილებლად ჯან-ღონით სავსე თოფიანი ჯარისკაცები  მიაცილებდნენ. თვალებგაფართოებულნი ვუცქერდით ბავშვები,   ჩვენთვის უკვე შიანურ და ახლობელ პატიმრებს.

პ.ს. მამაჩემი - მემედ გვარიშვილი 1894 წელს ჩაქვში დაიბადა.  გიმნაზიის დასრულების შემდეგ მუშაობდა სალიბაურის საბჭოთა მეურნეობაში. 1930 იან წლებში ბათუმსა და ქობულეთში დაიწყო ჩაის კულტურის ინტენსიური ათვისება-რგვა რა დროსაც ის გადაიყვანეს ქობულეთის რაიონის მშრომელთა დეპუტატების აღმსარულებელი კომიტეტის თავმჯდომარეთ. 1933 წელს დაინიშნა აჭარისტანის ასს რესპუბლიკის სოციალური უარუნველყოფის სახალხო კომისრად, ხოლო 1935 წელს გადაიყვანეს ახლადშექმნილ ხორცის დამზადების, მრეწველობისა და გასაღების სამმართველოს უფროსად.


მარჯვნიდან მესამე - მემედ 
გვარიშვილი

Комментариев нет:

Отправить комментарий